რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ
საკითხზე იმსჯელა. კანონმდებლებმა 2018-2020 წლების სამოქმედო სტრატეგიული გეგმა დაამტკიცეს და „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსს“ პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე, კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს და კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრებისაგან საკითხის პოლიტიკური შეფასება მოითხოვეს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს საკითხის დღის წესრიგში შეტანა.
„შემოგვთავაზეთ მსჯელობის იმგვარი ფორმატი, რასაც იცნობს რეგლამენტი და ჩვენ მზად ვართ საქმიან რეჟიმში კონსტრუქციული წინადადებები მოვისმინოთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მთავარი, რომ კომიტეტი შეიკრიბა განსაზღვრული დღის წესრიგით და მე უმორჩილესად გთხოვთ, არ გავიდეთ კონსტრუქციულობის ფორმატიდან. მე მხად ვარ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და განცხადებაც გავაკეთო და მერე გადავიდეთ იმ საკითხებზე, რისთვისაც შევიკრიბეთ“,-ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია ოპოზიციის წინადადებას.
ზაზა გაბუნიამ დეტალურად გასცა პასუხი ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ პრეტენზიებს. კომიტეტის თავმჯდომარემ საკითხის დღის წესრიგში დამატების შესაბამისი პროცედურა და რეგლამენტის მოთხოვნები კიდევ ერთხელ განმარტა: „თქვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, გქონდათ ლეგიტიმური უფლება რეგლამენტის დაცვით საკითხის დღის წესრიგში ასახვისა. თქვენ ეს უფლება არ გამოიყენეთ და ამიტომ ახლა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჩვენ, კომიტეტის სხდომაზე, არ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან საკითხებზე და არ გისმენთ, არის სრულიად დაცლილი სამართლიანი კონტენტისგან და შინაარსისგან. მთლიანად სამართლიანობისგან. ჩვენ ყველა ეტაპზე ვხედავთ რეგლამენტის დარღვევას. თქვენ გვთავაზობთ დისკუსიას და არღვევთ რეგლამენტს“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბორჯომის საკრებულოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია ცალმხრივად და სუბიექტურად აფასებს.
„თქვენს მიერ გუშინ განვითარებული მოვლენები არის ცალმხრივად აღწერილი. იმის დაგვირგვინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა საკითხი, სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ ჩართული ამ საკითხში და მათი ამოცანა იყო არ მიეღო უმართავი სახე გუშინ იქ მიმდინარე მოვლენებს. ის, რომ საქმე აღძრულია და სისხლის სამართლის პროცესი დაწყებულია, ნიშნავს სწორედ ამას. და ის განცხადებები, რომელსაც რეალობასთან არავითარი შესაბამისობა არ აქვს, არის სრულიად მოკლებული ადეკვატურობას“,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შეუდგა.
კომიტეტის წევრებმა საქართველოს კანონის პროექტი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენისთვის განიხილეს.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ზოგადი პრინციპების დონეზე კანონმდებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ გააცნო.
„ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ერთი საკანონმდებლო დოკუმენტის ქვეშ მოვაქციოთ მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც უკავშირდება სივრცით განვითარებას, არქიტექტურულ საკითხებს, ურბანულ განვითარებას, მიწათსარგებლობის თემატიკას და მე დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე გვექნება ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო მსჯელობა“,-განაცხადა საკითხის განხილვის დაწყებამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.
საკანონმდებლო პაკეტი ძირითადად ორ ნაწილს ეხება - ესაა სივრცითი მოწყობის საკითხები და მშენებლობის საკითხები. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის უნიფიკაცია და ჰარმონიზაცია, ასევე, ცალკეული გადაწყევტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გამარტივება და ტრანსფარენტულობა, ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტების კანონის ფორმაში მოქცევა და მათთვის სტაბილურობის შენარჩუნება.
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოში სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის სფეროს კანონმდებლობის ევროპულ და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორჰუსისა და ესპოს კონვენციები, აგრეთვე, ევროკავშირის 2001/42/EG, 305/2011/EG და 2010/31/EU რეგულაციები.
როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განაცხადა, კოდექსის პროექტის პირველადი ვარიანტის გადამუშავების შემდეგ, კოდექსის სათაური შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
„მე შევეცდები ხაზი გავუსვა რამდენად დიდი სამუშაოა ჩატარებული ამ კოდექსთან დაკავშირებით, როგორც დარგობრივ სამინისტროებში, მთავრობაში, ასევე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში. ასევე ჩემი წინამორბედის პირობებშიც. მე მოხარული ვარ და მადლობას გეუბნებით, განსაკუთრებით რაც ეხება პროფილურ ნაწილში, რაც ეხება თვითმმართველობის კოდექსს, თვითმმართველობის კომიტეტს. ამ თვალსაზრისით სამუშაო ნამდვილად გაწეულია. მინდა მივესალმო ამას და მადლობა გითხრათ ამისთვის“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ. კომიტეტის თავმჯდომარემ საკითხის ინიციატორს ის რამდენიმე საკითხი გააცნო, რასთან დაკავშირებითაც კომიტეტს შენიშვნები და წინადადებები ჰქონდა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული გარკვეული სახის შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღესვე კომიტეტის 2018-2020 წლების სამოქმედო სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა. გრძელვადიანი სტრატეგია 2018-2020 წლებში მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის მთავარ მიმართულებებს მოიცავს და 4 ძირითად მიმართულებას ეფუძნება:
• კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესება
• საზედამხედველო საქმიანობის გაუმჯობესება
• გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საქმიანობის წარმართვა
• კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესება
„ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ. მომზადდა საკმაოდ სქელტანიანი და შინაარსით ძალიან სასარგებლო დოკუმენტი კომიტეტის მუშაობისთვის. ჩვენ ეს დოკუმენტი მოგვცემს შესაძლებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახოთ ჩვენი სამუშაო პროცესი, როგორც კანონშემოქმედებითი, ისე საზედამხედველო ფუნქციის გათვალისწინებით და ამავდროულად საზოგადოებასთან კავშირის, კომუნიკაციის გაღრმავების თვალსაზრისით.
ჩვენ სტრატეგიასთან დაკავშირებით გვქონდა მრგვალი მაგიდა, რომელსაც გარდა კომიტეტის წევრებისა ესწრებოდნენ სახელისუფლებო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. მე მოხარული ვარ, რომ დოკუმენტმა მოიპოვა მხარდაჭერა და მოწონება მათი მხრიდან და ამავდროულად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები. ვგეგმავთ საკმაოდ ამბიციური წლების გატარებას იმ სეგმენტში, რომელიც ჩვენს კანონშემოქმედებით პროცესს გულისხმობს და რეგიონების განვითარებას და თვითმმართველობას უკავშირდება“,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

















