საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის
დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესტონელ ხალხსა და ესტონეთის მთავრობას მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და ქვეყანას წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკაც შეიქმნა.
„ჩვენ გვაქვს მსგავსი ისტორია. მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ვიზიარებთ მომავლის საერთო გზას, რომელიც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს“ - აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად მიმოიხილა საქართველო-ესტონეთის ურთიერთობები და აღნიშნა, რომ უპრეცედენტოდ აქტიური თანამშრომლობა არსებობს ყველა მიმართულებით, რაც მოიცავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კულტურული, რეგიონალური და ხალხთაშორისი კავშირების გაფართოებას. მინისტრის თქმით თანამშრომლობა განსაკუთრებით გაძლიერდება ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების მიმართულებით. მიხეილ ჯანელიძემ ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს ხელშესახები შედეგების მიღწევაში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ესტონეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის ხელძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

















