კონტროლის პალატის საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელ საპარლამენტო კომისიას უფლებამოსილების ვადა სამი თვით უგრძელდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ უყრიან კენჭს.
"კონტროლის პალატის 2011 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი პარლამენტის დროებითი კომისია" გასული წლის 6 დეკემბერს შეიქმნა. კომისია ვადის 3 თვით გაგრძელებას ითხოვს, რასაც ბიუროს წევრებიც დაეთანხმნენ.
აუდიტის პროგრამის მიხედვით, კომისიამ ამ ეტაპზე მოითხოვა პალატის ბიუჯეტის პროექტი, წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები, ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კვარტალური ანგარიშები, გაფორმებული ხელშეკრულებები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც აუდიტთანაა დაკავშირებული.
დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ბუცხრიკიძის განმარტებით, კონტროლის პალატის მიერ ამ ეტაპზე მიწოდებული დოკუმენტაციის მოცულობა დაახლოებით 2 000 გვერდს შეადგენს და დამუშავება მიმდინარეობს. ამასთან, ზოგიერთი მასალა დაზუსტებას და დამატებით დოკუმენტაციის მიწოდებას საჭიროებს.

















