იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ
ქალდანის მოხსენება კომიტეტის მიერ 2017 წლის 3 აპრილს გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
როგორც თამარ ქალდანმა განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ექვსი ძირითადი რეკომენდაცია ჰქონდა.
პირველი რეკომენდაციის თანახმად, ინტენსიურად უნდა გაგრძელებულიყო საჯარო და კერძო დაწესებულებების მონიტორინგი, მათ მიერ სხვადასხვა სახის პერსონალურ ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და შენახვის პროპორციულობის და ლეგიტიმური მიზნების დადგენის მიზნით და ასევე, გაგრძელებულიყო საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დროს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, 2016 წელს გაიზარდა მოქალაქეთა მიმართვიანობა და ასევე, ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობა. მისივე თქმით, 2017 წელსაც ამ მიმართულებით არის საგრძნობი ზრდა. „ჯამურად გამოვლინდა 266 დარღვევი ფაქტის ფაქტი, ჯარიმის სახით 142 ორგანიზაციას დაეკისრა პასუხისმგებლობა, 50 შემთხვევაში მოხდა გაფრთხილება. ასევე, იყო შემთხვევები, როცა ხანდაზმულობის გამო ვერ მოხერხდა სანქციის დაკისრება, თუმცა ჯამურად გაიცა 275 რეკომენდაცია და დავალება კონკრეტული ორგანიზაციული თუ ტექნიკური ღონისძიებების გატარების შესახებ. დამატებით საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებისთვის 2400 მეტი კონსულტაცი იქნა გაცემული. შეინიშნება პოზიტიური დინამიკა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების კუთხით, თუმცა ჯერ კიდევ არის ხარვეზები და ნაკლოვანებები“,-განცხადა თამარ ქალდანმა.
მეორე რეკომენდაციის თანახმად, უნდა გაძლიერებულიყო ონლაინსესხების გამცემი და საკრედიტო კომპანიების მიერ მათი კლიენტების ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისათვის გამჟღავნების ფაქტების მონიტორინგი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, აღნიშნა გასულ წელს, საფინანსო სექტორში, შესწავლილი იყო 95 ფაქტი და დაფიქსირდა საკმაოდ სერიოზული დარღვევები მონაცემთა გამჟღავნების თვალსაზრისით. „ყველა ფაქტზე, ჩვენი მხრიდან, განხორციელდა რეაგირება. კონკრეტული დავალებები გაიცა იმისთვის, რომ პრობლემები აღმოფხვრილიყო. ვახორციელებთ სისტემატურ კონტროლს და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან, იმისთვის რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების შექმნილიყო და გარკვეული საკითხები დარეგულირებულიყო საკანომდებლო თუ ნორმატიულ დონეზე“,-განაცხადა თამარ ქალდანმა.
მესამე რეკომენდაციის თანახმად, უნდა გაგრძელებულიყო სამუშაო ადგილებზე და საჯარო სივრცეში ვიდეოთვალთვალის გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე განხორციელების ფაქტების მონიტორინგი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თქმით, გამაფრთხილებელი ნიშნების რაოდენობა გაიზარდა და ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესია, თუმცა კვლავ ხდება გარკვეულ დარღვევები ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით. როგორც თამარ ქალდანმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხებოდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებზე კონტროლის კუთხით კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფას.
თამარ ქალდანის განცხადებით, აპარატის თანამშრომლებმა ამ მიმართულებით გაიარეს შესაბამისი ტრენინგები და გადამზადება.
მეხუთე რეკომენდაციის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიებისა და წესების შესახებ მოქალაქეთა მეტი ინფორმირებულობის კუთხით უნდა გაგრძელებულიყო შესაბამისი ღონისძიებები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თქმით, ამ მიმართულებით გაიმართა 50-ზე მეტი ღონისძიება სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის რეგიონებშიც, სადაც ასობით მოქალაქე იღებდა მონაწილეობას, მომზადდა რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების შესახებ, ასევე, თემის მეტი აქტუალიზაციისთვის ეთნიკური უმცირესობებისთვის ითარგმნა ბროშურები.
მეექვსე რეკომენდაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაევალა პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გამოკვეთა, და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პარლამენტს დროული და ეფექტიანი რეაგირებისათვის.
თამარ ქალდანის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობაა პარლამენტთან, მთავრობასთან, ცალკეულ სამინისტროებთან და სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოებთან. მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში 30-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების პროექტი იქნა განხილული პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ასოცირების დღის წესრიგიდან და ადგილობრივი პრაქტიკიდან გამომდინარე მუშაობა მიმდინარეობს ახალ რეგულაციებზე.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტმა ცნობად მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის მოხსენება რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მელიტონ ბენიძის მოხსენება კომიტეტის მიერ 2017 წლის 20 მარტს სამსახურის მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
კომიტეტს იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ გაცემული ჰქონდა ორი რეკომენდაცია: 1. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გააქტიურება როგორც სამსახურის თანამშრომლებისა და ადვოკატების კვალიფიკაციის ამაღლების და სტრუქტურული რეფორმის გაღრმავების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. 2. თანამშრომელთა ეფექტიანობის გაზრდის და ხარისხის გაუჯობესების მიზნით, ხარისხის შეფასების წესის, კრიტერიუმების, იმპლემენტაციისთვის გეგმის შემუშავება და მათი შესრულების ვადის განსაზღვრა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, მელიტონ ბენიძის ინფორმაციით, პირველი რეკომენდაციის შესრულების კუთხით არის წარმატებები, კერძოდ: საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გასულ წელს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა 30-მდე ტრენინგი გაიარეს სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. სტრუქტურული რეფორმაზე საუბრისას, მელიტონ ბენიძემ მადლობა გადაუხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. „თქვენი აქტიური ჩართულობით, ჩვენ მივაღწიეთ, რომ სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა წლის მეორე ნახევრიდან ახალი კადრები ავიყვანოთ, კერძოდ, გავაძლიეროთ სამსახურის ადმინისტრაციული სტრუქტურა“, - განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების კუთხითაც.
მეორე რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრისას, მელიტონ ბენიძემ აღნიშნა, რომ პროცესი დაწყებულია, ხარისხის შეფასების კრიტერიუმები დამტკიცებულია და საქმეების შეფასება პილოტურ რეჟიმში განხორციელდა.
კომიტეტმა ცნობად მიიღო იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მელიტონ ბენიძის მოხსენება კომიტეტის მიერ სამსახურის მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი: "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი კანონპროექტები.
ცვლილებები ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს სიახლეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების -„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, განხილვის შედეგად კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ადვოკატებთან ერთად.
კანონპროექტი პრინციპების დონეზე პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით, არსებულ ჩამონათვალს ემატება შემდეგი პრინციპები:
• სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორცილების პატივისცემა;
• პროფესიული კომპეტენტურობა;
• ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა;
როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ცვლილებებით ადვოკატის საქმიანობაში იზრდება კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ზუსტდება ის საკითხები, რომელიც ეხება სტაჟირებას და გამოცდების ჩატარებას.
„პრინციპების დონეზე, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ეს ცვლილება მიზნდა ისახავს, რომ ადვოკატთა საქმიანობა, მათი პროფესიული ასოციაცის საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და ორიენტირებული შედეგზე. ამ პროფესიის ავტორიტეტი და ასოციაციის ეფექტური საქმიანობა მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას და სამართლიანობის დაცვას“,-განაცხადა მომხსენებელმა.
გედევან ფოფხაძემ სხდომის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები, სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, მათ შორის ადვოკატთა სტაჟირებასთან დაკავშირებით. კანონპროექტების განხილვაში „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი მონაწილეობდა.
კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, რომლებიც სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირინე ფრუიძემ წარმოადგინა.
რეგლამენტის პროექტით, პარლამენტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარკვეული საკითხები, ასევე წესრიგდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, რომლითაც განისაზღვრება ქცევა, და ის წესები, რაც პარლამენტის წევრმა უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. კოდექსს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. რეგლამენტის პროექტი, ასევე ითვალისწინებს ეთიკის საბჭოს შექმნის წესსა და პირობებს, მისი საქმიანობისა და შემადგენლობის განსაზღვრის თავისებურებებს. ეთიკის საბჭოს დებულებას საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. პროექტის შესაბამისად ფიცის ტექსტის გარდა პარლამენტის წევრი ხელს აწერს აგრეთვე პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის განუხრელად დაცვის თაობაზე ტექსტს. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში შესაძლო დისციპლინური სანქციები.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტით კი, ხდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები.
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამის ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვა.
შემოთავაზებული ცვლილებებით, კოდექსის შესაბამისი თავით დარეგულირებულ საკითხებს დაემატა საქართველოს ბაზარზე განთავსებული შესაბამისი პროდუქტების ზედამხედველობა. აღნიშნული პროდუქტების ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია სააგენტო და შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილებებს დაემატა ბაზარზე შესაბამისი პროდუქტების ზედამხედველობა. ცვლილების მიხედვით განისაზღვრა ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების შემთხვევები და საფუძვლები.
ცვლილებების ფარგლებში, ასევე განისაზღვრა ბაზარზე ზედამხედველობისას სააგენტოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები, კერძოდ, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, პროდუქტის ამოღება და გამოთხოვა. პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება წარმოადგენს ბაზარზე ზედამხდველობისას სააგენტოს მიერ გასატარებელ შემზღუდველ ღონისძიებებს შორის ყველაზე ნაკლები სიმძიმის ღონისძიებას და გამოიყენება ბაზარზე განთავსებული ისეთი პროდუქტების მიმართ, რომლებიც არ შეესაბამება რეგლამენტით მათთვის დადგენილ
მოთხოვნებს, თუმცა არ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა ან/და გარემოს. პროდუქტის ამოღება ხდება ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ხოლო პროდუქტის მომხმარებლისგან გამოთხოვა - თუ აღნიშნული საფრთხე სერიოზულია.
კოდექსის შესაბამის მუხლს დაემატა ტერმინი „დადასტურებული საფრთხე“, რაც წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საფუძველს. ნორმის მიხედვით, დადასტურებულად ითვლება საფრთხე, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი ლაბორატორიული გამოცდის მეშვეობით ან სხვა წყაროების მეშვეობით, ასეთ წყაროს წარმოადგენს ევროკავშირში არსებული ინფორმაციის გაცვლის სისტემები.
კოდექსს ემატება მუხლები, რომლებიც ადგენენ შესაბამის ჯარიმებს ეკონომიკური ოპერატორის მიერ სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის პროცესის ხელის შეშლისათვის, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის და ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის. პროექტის მიხედვით ხდება სააგენტოსა და კერძო ინსპექტირების ორგანოების უფლებამოსილების გამიჯვნა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“.
კანონი არეგულირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს. ამასთანავე, კანონპროექტი ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება დაგროვებით პენსიებს.
კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული. კანონპროექტი, ასევე განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით
დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებას, სქემის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია საპენსიო სააგენტო, რომლის უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საპენსიო სააგენტო გამოიყენებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემას და ასევე, შემოსავლების სამსახურისა და სხვა დაკავშირებული მხარეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საპენსიო აქტივების კეთილსაიმედო ინვესტირების მიზნით სააგენტოში იქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც თავად განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკას. საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებთან.
კანონპროექტი განსაზღვრავს იმ ძირითად აქტივებს, რომლებშიც შეიძლება განხორციელდეს ინვესტირება. ცვლილებების ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

















