პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ საერთაშორისო ორგანიზაციებს დასავლური ნორმების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოთხოვნით მიმართავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, ქვეყანაში საარჩევნო გარემო სულ უფრო მძიმდება და ხელისუფლება მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის ყველაფერს აკეთებს.
მისი თქმით, ამის დასტურია ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მიერ დასახელებული ამომრჩევლების რაოდენობა, რომელიც ყოლბაიას განცხადებით, რეალურ ციფრს მილიონამდე ამომრჩევლით აღემატება.
„დემოკრატიული მოძრაობაში შეშფოთებას იწვევს „ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ ჩატარებული ალტერნატიული „კარდაკარის“ მონაცემებიც, რომლის მიხედვით, სახლმწიფო კომისიის მონაცემებსა და რეალურ მდგომარეობას შორის 17%- იანი ცდომილებაა.
„ყველაფრის მიუხედავად, აშშ-ს ელჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის და პოლიტიკური კონკურენციისთვის. ეს საბჭოთა კავშირშიც არსებობდა, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცოდა, რა „თავისუფალ არჩევნებსაც“ ატარებდა კომუნისტური ხელისფულება“ - განაცხადა ყოლბაიამ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს გატარებული სამთავრობო ცვლილებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფი გუნდი არსად წასვლას არ აპირებს და საკუთარი რეჟიმის გახანგრძლივებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
მისივე თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ სამართლიანი გარემოს პირობების შესაქმნელად ბრძოლას აგრძელებს და პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირების მოთხოვნით უკვე მიმართა. ასევე, პარტიის მთავარი საბჭო ყოველდღიურად ხვდება „დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონალურ და რაიონულ ლიდერებს, აქტივისტები შეხვედრას მართავენ მოსახლეობასთან ყველა დიდი ქალაქში.

















