განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების
გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია განიხილეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა ბარათაშვილმა განმარტა, კონვენციის გაფორმების მიზანია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური კავშირების გაფართოება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. მისივე თქმით, კონვენცია ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლას, ასევე, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილებას საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით. ამასთან, კონვენცია ითვალისწინებს გადასახადების გადაუხდელობის და გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის შესახებ დებულებებს.
დღესვე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს.

















