პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ პროგრამა „კარდაკარის“ მონაცემებს სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას 1 აგვისტოს შემდეგ მიაწვდის.
ამის შესახებ დღეს, პრესკონფერენციაზე კოალიციის საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განცხადა.
„კანონი ავალდებულებს სახელმწიფო კომისიას, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ ყველა განცხადება ამომრჩეველთა ერთიანი სიის უზუსტობის თაობაზე განხილული იქნეს და დასაბუთებულად დადასტურებული ან დასაბუთებულად უარყოფილი“- აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისივე შეფასებით, არჩევნების გაყალბების ფარული მეთოდების აღმოსაფხვრელად საჭიროა საარჩევნო სიებიდან უზუსტობების და ხარვეზების აღმოფხვრა.
„თავად სახელმწიფო კომისიაში აცხადებენ, რომ 1.5 მლნ-იან ამომრჩეველთა სიაში 1 მლნ 100 ათასი უზუსტობა აღმოაჩინეს. ანუ სახეზეა, რომ სიები უვარგისია, ამიტომ, რაც მეტი ჯგუფი ჩაერთვება დაზუსტების პროცესში, მით უფრო ცუდი იქნება გამყალბებლებისთვის“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

















