კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, სს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის აუქციონზე გატანის მიზანი, „ქართუდან“ ნოდარ ჯავახიშვილის გამოყვანა
და იქ „ჯოზეფ ქეი 2“-ის დანიშვნაა.
„არ არის აუცილებელი პოლიტიკოსობა ან იურისტობა იმისთვის, რომ მიხვდეს ადამიანი - ამ აუქციონის მიზანია „ქართუ ჯგუფსა“ და „ქართუ ბანკიდან“ მისი გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის გამოყვანა და „ჯოზეფ ქეი 2-ის“ დანიშნვა“ - განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ კოალიციის ლიდერი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება სხვისი ქონების გაყიდვის გამო ქვეყნის პრესტიჟსა და ავტორიტეტს კიდევ ერთხელ მიაყენებს ზიანს.
„ქართუ ჯგუფის“ აქციონერებმა პროტესტი გამოთქვეს, რომ მათ ქონებას ივანიშვილის დასაჯელად ყიდიან. ეს იგივეა, როცა A-ს პირს ედავები და B-ს პირს ართმევ ქონებას“ - აღნიშნა კოალიციის წევრმა.
დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ ქონებაზე გამოცხადებული აუქციონი 18:00 საათზე დასრულდება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე სს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100% და „პროგრესბანკის“ 21,7% გაიტანა.
„ქართუ ჯგუფის“ აქციათა საწყისი ფასი 75 მლნ 940 ათას 330 ლარი, ხოლო „პროგრეს ბანკის“- 1 მლნ 783 ათას 249 ლარია.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და ამის გადახდას არ აპირებს.

















