საქართველოს და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს თბილისში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყნას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა იურიე ლიანკემ განაცხადა, საქართველოსა და მოლდოვას პოლიტიკური დიალოგის კუთხით ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ, თუმცა, საჭიროა მეტი ბიძგის მიცემა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისთვის.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას კარგი შესაძლებლობები აქვს, სუამი-ს ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.
საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით კი, ლიანკამ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას მრავალი წელია მსგავსი პრობლემა აქვს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, მადლიერნი ვართ საქართველოს კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის მოლდოვას პრობლემებისადმი“ - აღნიშნა მან.
ამასთან, ლიანკემ განაცხადა, რომ საქართველო და მოლდოვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წევრი სახელმწფოები არიან და ორივე მხარემ უნდა მოახერხოს ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მოლდოვა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა და საქართველოს მადლიერია მისი უპირობო მხარდაჭერისთვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოში უკვე ორი დღეა იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შეისწავლიან.

















