საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე სიმპოზიუმს ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის საშუალებად აფასებს.
როგორც მერაბიშვილმა სიმპოზიუმზე განაცხადა, აღნიშნული ღონისძიების შედეგად ქართველ მეწარმეებს 47 მლრდ-იან ბაზარზე შესვლის საშუალება ეძლევათ.
„ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, გაცილებით დიდი ვიდრე ნებისმიერი მეზობელი ქვეყანა. ეს გაცილებით მეტია იმისთვის, რომ მეტი ქართული პროდუქციის ექსპორტი მოხდეს, რაც საქართველოშიდამატებითსამუშაო ადგილებს შექმნის“ - განმარტა მერაბიშვილმა.
საქართველოს მთავრობის და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი დღეს გაიხსნა.
სიმპოზიუმი გაცნობითი სახის ღონისძიებაა, სადაც პოტენციური მიმწოდებლების იდენტიფიცირება მოხდება და არა უშუალოდ კონტრაქტების გაფორმება. აღნიშნულ სიმპოზიუმზე მიწვეულ ქართულ კომპანიებს ამერიკის თავდაცვის ლოჯისტიკის დეპარტამენტთან და მის პირველად კონტრაქტორებთან ბიზნესის წარმოების მოთხოვნების გაცნობის საშუალება მიეცემათ. ამერიკის თავდაცვის ლოგისტიკის დეპარტამენტი პირველადი კონტრაქტორების მეშვეობით, ასობით დასახელების პროდუქციის შესყიდვას ახორციელებს.
დღესვე, სასტუმროს ტერიტორიაზე მიწვეული კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაიმართება. ხვალ კომპანიები პროდუქციის წარმოების მიხედვით განაწილდებიან, რომლის დროსაც პირველადი კონტრაქტორები მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ.სიმპოზიუმის პირველი დღე ძირითადად, ამერიკული მხარის და მათი პირველადი კონტრაქტორების პრეზენტაციებს დაეთმობა, რომლის დროსაც, იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს წარადგენენ, რომლებსაც მათთან ბიზნეს-თანამშრომლობის დასამყარებლად კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს.

















