პარლამენტის წევრების, მარიამ ჯაშისა და გენადი მარგველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი კანონპროექტი კომიტეტის წევრებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ერთ-ერთმა თანაავტორმა გენადი მარგველაშვილმა გააცნო.
მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441მუხლის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ამოწურვადი რესურსით სარგებლობისათვის აღარ მოხდება ნებართვის გაცემა, თუმცა ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის’’ 1441-ე მუხლი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის სანქციას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აღნიშნულ მუხლშიც.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკითხი ეხება ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმის შემუშავებას იმ შემთხვევებისათვის, როდესაც „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის და ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების (პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის) ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოსათვის დადგენილ ვადაში არ მოხდება ინფორმაციის მიწოდება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ კანონმდებლებს ზოგადი პრინციპების დონეზე გააცნო ერთ პაკეტად წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილებზე კონსტიტუციითა და შრომის კოდექსით განსაზღვრული შრომითი უფლებების დაცვას და დისკრიმინაციული შემთხვევების თავიდან აცილებას.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული პაკეტის მომზადება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ყველა ეტაპზე პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობით, ასევე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებითაა განპირობებული, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას ითვალისწინებს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კანონპროექტის ძირითადი არსია პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა განამტკიცოს არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არამედ წინასახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც მოიცავს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით.
კანონპროექტით განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება, მიაწოდოს ინფორმაცია კანდიდატს პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დებულებების თაობაზე. იგი ასევე შეეხება პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის მიზნით სოციალური დიალოგის განვითარებასა და ხელშეწყობას ყველა დონეზე.
სხდომაზე ამ საკანონმდებლო პაკეტის მიმართ შენიშვნები და წინადადებები ჰქონდათ კომიტეტის წევრებს, მოსაზრებები დააფიქსირეს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებმა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ზოგიერთი შენიშვნა ნამდვილად გასათვალისწინებელია, დანარჩენზე კი შეიძლება მსჯელობა და სამინისტრო ამისათვის მზადაა.
„მისასალმებელი ინიციატივაა სამინისტროს მხრიდან, რომელიც გააუმჯობესებს სამუშაოს მაძიებელთა უფლებრივ მდგომარეობას. საკმაოდ კარგი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში, კერძოდ, შრომით ურთიერთობებში იმისთვის, რომ არ მოხდეს ადამიანის დაჩაგვრა სხვადასხვა ნიშნით, რელიგიური იქნება ეს, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით, დაიხვეწება სხვადასხვა მექანიზმები. თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც საჭიროებს დახვეწას და, ნამდვილად, ეს არ არის დეკლარაციული ხასიათის მუხლები, ვინაიდან ამის უკან, მისი განხორციელებისთვის დგას სასამართლო, როგორც უმნიშვნელოვანესი უფლების დაცვის მექანიზმი. გვაქვს რამდენიმე შენიშვნაც, რასაც ვფიქრობთ გაითვალისწინებს ინიციატორი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
დასასრულ, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

















