კახეთი მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს და საერთაშორისო ბრენდი გახდეს. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვას
რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ ფილატთან ყვარელში, არაფორმალურ ვითარებაში, საკუთარ კარ-მიდამოში მასპინძლობისას განაცხადა.
მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია პრემიერის ვლადიმერ ფილატის ხელმძღვანელობით თბილისს დღეს ეწვია.
„მე აქ ბევრი დელეგაცია მივიღე. კახეთი საერთაშორისო ბრენდი უნდა გახდეს. ეს ამ მხარის კეთილდღეობას წინ წაწევს“ - განაცხადა სააკშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის ამ პროცესს ხელს იმით უწყობს, რომ თავის კარ-მიდამოში, ყვარელში უცხოურ დელეგაციებს იღებს.
ამასთან, მან განაცხადა, რომ ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში უკვე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და ნაკლებად კრიმინალიზირებული ქვეყანაა.
„ვისაც რა უნდა ის თქვას. ეს უკვე ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებია. ვინმე ამაზე 6-8 წლის წინ იოცნებებდა?“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მოლოდვა საქართველოს მნიშვენლოვანი პარტნიორია ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეში.
საერთაშორისო კვლევა „ევრობარომეტრის“ თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მსურველ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა.
კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ 2012 წელს საქართველოს მოქალაქეთა 99%-ისთვის ქრთამი არცერთხელ მოუთხოვიათ და ამ შედეგით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

















