პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ
საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში რამდენიმე მთავარ საკითხს აუარა გვერდი.
თალაკვაძე ასეთ საკითხებთაგან რამდენიმეს ასახელებს.
„საიამ-მ საკონსტიტუციო რეფორმაზე მომზადებულ ანგარიშში გვერდი აუარა ყველაზე მთავარ საკითხებს. რამდენიმე მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ:
- კონსტიტუციის საბოლოო რედაქციაში პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც რეფორმის წინაშე იდგა გადაწყვეტილია - მათ შორის საარჩევნო სისტემის შეცვლა. კონსტიტუციის ტექსტთან მიმართებაში საბოლოოდ დადებითი დასკვნა გასცა ვენეციის კომისიამ.
- არ იმსჯელა მიზეზებზე რატომ შევცვალეთ კონსტიტუცია.
- კონსენსუსის ჩაშლა პროცესში მონაწილეთა ნაწილს, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ კომისიის რამდენიმე წევრმა ტექსტზე შეთანხმებამდე დატოვა კომისია. ასევე, შემდგომი კონსულტაციები, როდესაც დიალოგის ნაცვლად ულტიმატუმები იყო წამოყენებული. ამას ადასტურებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო შეფასებაც, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონსენსუსი არ შედგა.
- რეფორმაზე მუშაობის ვადად 4 თვე დაასახელა, მაშინ როდესაც პროცესი მთელი წელი გრძელდებოდა.
- ბუნდოვანია ჩანაწერი, სადაც ნახსენებია პროცესიდან “პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოთიშვა” - ეს არ იყო გამოთიშვა, ეს იყო მისივე უარი მონაწილეობაზე.
ეს ანგარიში არა საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ ოპოზიციური პარტიების შეხედულებებს და მიზნებს დაეხმარება“- განაცხადა თალაკვაძემ.

















