პარლამენტის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ცდილობს დაავიწყოს
საზოგადოებას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის აქტიურად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს.
ამის შესახებ მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მარგველაშვილმა რამდენიმე საკითხზე მათ შორის ე.წ. გირგვლიანის საქმის შესწორების ნაწილზე ისაუბრა.
„როგორც იქნა პრეზიდენტი მიხვდა, რომ ჩვენ მიერ დაანონსებული ცვლილებები სახელმწიფო ინტერესიდან და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარეობს. საუბარია თანამდებობის პირების მხრიდან მართმსაჯულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში გაცილებით მკაცრ რეგულაციებზე. ის იძულებული გახდა დაგვთანხმებოდა, რომ ამ მიმართულებით სისხლისსამართლებრივი ნორმები დასახვეწია.
რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს სისტემურ დანაშაულში მონაწილე პირებს - 80-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს და ძალიან ბევრ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება. კონკრეტულად გირგვლიანის საქმეზე ცხრა მაღალი თანამდებობის პირია მიცემული პასუხისგებაში. არათუ სამსახურიდან დათხოვნა, არამედ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში სახელმწიფო შეუვალი იქნება ასეთ დანაშაულში მონაწილე ნებისმიერი პირის მიმართ, ამიტომ განცხადება გამოძიებაში დახმარებაზე, პრეზიდენტის მხრიდან, არის სპეკულაციური. ის ცდილობს აქცენტი სხვა საკითხებზე გადაიტანოს და დაავიწყოს საზოგადოებას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის აქტიურად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად ამტკიცებდა სააკაშვილის უდანაშაულობას“- განაცხადა მდონარაძემ.

















