პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდნეტების არჩევნები ჩაატარა, რომლის შედეგად, პრეზიდენტი იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რიკარდო მილიორი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, ამერიკელი კონგრესმენი რობერტ ადელჰოლტი, ფრანგი სენატორი ალან ნერი და გერმანელი დეპუტატი უტა ტსაფვი გახდნენ.
გიგი წერეთელმა ახლად არჩეულ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.
ხელმეორედ იქნა არჩეული ვიცე-პრეზიდენტად მონაკოს წარმომადგენელი ეუთოში ჯან სჰარლ გარდეტო. ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებში ასევე მონაწილეობდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კოვალიოვი, რომელმაც ხმების სათანადო რაოდენობა ვერ მოაგროვა, შესაბამისად მისი კანდიდატურა ჩავარდა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები გარდა სხდომების ხელმძღვანელობისა და სხვა შიდა საორგანიზაციო საკითხებისა, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობენ და წარმოადგენენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მსოფლიოს სხვადასხვა ფორუმებზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შედგება 320 პარლამენტარისგან 55 ქვეყნიდან.

















