თბილისის საკრებულოს წევრის თედო ისაკაძის განცხადებით, გადასახედია "შესყიდვების შესახებ" კანონი და
სატენდერო მეთოდოლოგია.
ისაკაძე იმედოვნებს, რომ გამომდინარე იქიდან რომ კიდევ 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი მანამდე მოქმედი წესის გადახედვა მოხდება.
"ქალაქის მერმა, კახი კალაძემ ვარკეთილის მეტროში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოყვება მკაცრი რეაგირება.
ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ გადასახედია "შესყიდვების შესახებ" კანონი და სატენდერო მეთოდოლოგია. ჩვენ არც ისე მდიდრები ვართ რომ დავყაბულდეთ იაფ პროდუქტს, იაფი, შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ძვირად გვიჯდება.
წელს დაგეგმილია 10 მეტროსადგურის როგორც ზედა, ასევე ქვედა ვესტიბიულების კაპიტალური შეკეთება და იმედია, რომ მანამდე მოქმედი წესის გადახედვა მოხდება.
ავარიის შედეგად დაზარალებულებს გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო" - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოვარდა. დაშავდა 14 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

















