პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ოპოზიციური პარტიების საქმიანობის აკრძალვას ხელისუფლების მიზნად მიიჩნევს.
როგორც კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არსებულ პირობებში ოპოზიციური პარტიების დაფინანსება და შესაბამისად მათ მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოება შეუძლებელი ხდება.
მისი თქმით, „თავისუფალმა საქართველომ“ პარტიების დაფინანსების ახალ წესებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა.
„ასევე, ვუგზავნით მიმართვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და სახალხო დამცველს, სადაც აღნიშნულია, რომ არსებულ პირობებში თავისუფალი არჩევნების ჩატარება 100%-ით გამორიცხულია“- განაცხადა კუკავამ.
პარტია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად და თავისუფალი არჩევნების მისაღწევად პროცესების ერთობლივად წარმართვაა აუცილებელი.
„ეს პროცესი ერთგვარი ლუსტრაციის მექანიზმი გახდება და საზოგადოებას ნათლად დაანახებს, რომელი ძალებია საქართველოში რეალურად ოპოზიციური და რომელი პარტიები წარმოადგენენ ხელისუფლების სატელიტებს“ - აღნიშნა კახა კუკავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ შემომწირველები 8 ივლისს დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობამ 284 845 ლარი შეადგინა. პარტია შემოწირულობების დაუსაბუთებლობის გამო დაჯარიმდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჯარიმა პარტიის წევრებმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

















