კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორცილებული საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში არსებულ პანიკაზე მიუთითებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, განხორციელებული საკადრო ცვლილებები დიდ ინტერესს არ იმსახურებს, რადგან იგი მხოლოდ ხელისუფლების დაბნეულობაზე მიუთითებს.
„შიშის გამოვლინებაა ის, რომ ხელისუფლება ასე ნაჩქარევად ახორციელებს სამთავრობო ცვლილებებს და გამოდის სრულიად მოუმზადებელი სახელმწიფო პროგრამით, რომელიც მხოლოდ ჩვენი პლაგიატია, ცდილობს სიახლე შეიტანოს თავის მუშაობაში და ქმნის სრულიად აბსურდულ სამინისტროს, რომლის მინისტრისგანაც რამდენიმე ღიმილის მომგვრელი განცხადება უკვე მოვისმინეთ“- განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ არჩევნების წინ გადადგმული ნაბიჯები, პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების ბოლო გაბრძოლება, კიდევ ერთი დაუგეგმავი და გაუაზრებელი ქმედებაა.
მისივე თქმით, სხვადასხვა თანამდებობებზე ძმები ახალაიების დაწინაურება ხალხის დაშინებას ემსახურება.
„ის ფაქტი, რომ ხდება ახალაიების გაძლიერება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რითაც ისინი არიან ცნობილი, ხალხის დაშინებისკენ არის მიმართული. ბუნდოვანი, კრიმინალური და საეჭვო წარსულის მქონე ადამიანების დაწინაურება მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა რესურსით განახორციელოს ტერორი, არამხოლოდ კოალიციის წინააღმდეგ, არამედ დააშინოს ხალხი და აჩვენოს, რომ დაუმარცხებელია“ - განაცხადა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ხელისუფლების მხრიდან პანიკის დათესვას ხალხმა სიმშვიდით უნდა უპასუხოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესაბამისად, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორად - პოლიციის პოლკოვნიკი ვახტანგ ბოჭორიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორად - პოლკოვნიკი ლევან ქარდავა, ხოლო შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორად- ვიცე პოლკოვნიკი რევაზ შიუკაშვილი დაინიშნა.
შსს გენერალური ინსპექციის უფროსად - პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ გუნავა დასახელდა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი ალექსანდრე სვინტრაძე იქნება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი გიორგი კოკაია.
შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის პოლკოვნიკი ლევან კახიანი, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის მაიორი ილია გამგებელი, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად - პოლიციის კაპიტანი ვეფხია საგინაშვილი, ხოლო ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად - ირაკლი ყიფშიძე დაინიშნა.
შს მინისტრის მოადგილეებად ეკატერინე ზღულაძე, შოთა ხიზანიშვილი, შალვა ჯანაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე და ნოდარ ხარშილაძე და ნიკა ძიმცეიშვილი დაინიშნენ, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსი იქნება.

















