ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკურმა კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს საქართველოს შესახებ მხარი დაუჭირა.
დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პოლონელი დეპუტატის მიერ მომზადებულ რეზოლუციას არაობიექტური უწოდა, უცხოელმა კოლეგებმა კი - მას შეუსრულებელი ვალდებულებები და 2008 წელს განხორციელებული ეთნოწმენდა შეახსენეს.
„საქართველო პატარა ქვეყანაა და მას 300 000 დევნილი ჰყავს. ეს დიდი რიცხვია. ამიტომ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიების შესვლა. ეს გათვალისწინებული იყო „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულებითაც, რომელიც დღემდე არ სრულდება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერილი იყოს საქართველოს პროგრესი“ - განაცხადა ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა და დასძინა, რომ ეს დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების გასარძელებლად და გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

















