საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ირაკლი
ბერაიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა, რომ სრულ მხარდაჭერასა და ნდობას უცხადებს გამოძიებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო და ძალიან წარმატებით გაართვა თავი ურთულეს ამოცანას.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, ეს კონტრტერორისტული ოპერაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ბოლო პერიოდში, რომელმაც ტერაქტების პრევენცია გახადა შესაძლებელი.
"თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო პრაქტიკას, ეს კონტრტერორისტული ღონისძიება იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველა ღონისძიება, რამაც შესაძლებელი გახადა ტერაქტების პრევენცია, ეს ღონისძიება მოიცავდა კონტრტერორიზმის თითქმის ყველა ელემენტს, როოგორიც არის ტერორისტული საფრთხის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და განეიტრალება, ტერორიზმში ბრალდებული პირების დაკავება ან ლიკვიდაცია და უკვე შემდგომ ეტაპზე მათთან კავშირში მყოფი პირების დადგენა- გამოვლენა და დაკავება"-აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
მისივე განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ კონტრტერორისტულ ღონისძიებას, მაღალ შეფასებას აძლევენ საერთაშორისო პარტნიორები. მასალები კი, რომლებიც გუშინ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გასაჯაროვდა, სახელმწიფო უსაფრთხოოების სამსახურის მაღალ პროფესიულ სტანდარტზე მეტყველებს.
"ამ ღონისძიებას მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გასაჯაროებული მასალები კი თემირლან მაჩალიკაშვილისა და ჩატაევის დაჯგუფების წევრი პირების კავშირზე მეტყველებს. ფაქტი გვიჩვენებს საფრთხის იმ მასშტაბებსაც, რისი თავიდან აცილებაც ჩვენ შევძელით. აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ რა მაღალი პროფესიული სტანდარტით გამოირჩევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც აჩვენებს ტერორიზმის კუთხით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციული საქმიანობის ეფექტურობას, რასაც ხშირ შემთხვევაში, ვერ ახორციელებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც კი და მათ უწევთ უკვე მომხდარ ტერაქტებზე რეაგირება"-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკითხის ნდობის ჯგუფში განხილვის თემასაც გამოეხმაურა. მისი თქმით,უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარსდგა ნდობის ჯგუფის წინაშე და იმ პერიოდისთვის, გამოძიებისთვის ცნობილი ყველა ინფორმაცია გააცნო. თუ ნდობის ჯგუფი კვლავ საჭიროდ ჩათვლის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენას გარკვეულ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
"იმ შემთხვაში, თუ ამ მასალების გასაჯაროვებამ საფრთხე არ შეუქმნა უსაფრთხოებას და გამოძიების ეფექტიანად წარმართვას და ნდობის ჯგუფი ჩათვლის საჭიროდ, რომ აუცილებელია შემდეგ კიდევ, რაღაც ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა, ნდობის ჯგუფის ფარგლებში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება"-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

















