საქართველოს პარლამენტის თავმჯდოარე, ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ კობახიძის განცხადება პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი დიპლომატის, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო. კონსტანტინე ზალდასტანიშვილს მიუძღვის უდიდესი დამსახურება საქართველოს წინაშე. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების საქმეში. კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დააკლდება ქართულ დიპლომატიას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“- ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

















