პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩევლის საერთაშორისო საკითხებში, მინდია გულუას განცხადებას არაადეკვატურად მიიჩნევს.
მინდია გულუა გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მალე „თბილისის წყლის“ მფლობელი გახდება, ხოლო ტელეკომპანია „იმედის“ გარკვეული პაკეტის შესყიდვაზე, შეთავაზების მიუხედავად, უარი თქვა.
როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, მედიით გავრცელებულ მსგავს განცხადებებს ნაკლებად ენდობა.
ექსპერტის განცხადებით, წარსულში თავად გულუას არ მიეცა საშუალება შეენახა და გაეგრძელებინა გაზეთ „დრონის“ გამოცემა.
„როცა გაზეთს ვერ გამოსცემს მილიონერი, მგონი ტრაბახს თავი უნდა დაანებოს და მიჰყვეს იმ საქმეს, რომლის დაძლევასაც შეძლებს. თუ მაზოხისტური განცდები გაუჩნდა ბატონ გულუას და საჯარო თვითლუსტრაციას აკეთებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩახუტების ფაქტზე, ეს მით უფრო უპერსპექტივოს ხდის მის პოლიტიკურ მომავალს“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გულუა ხელისუფლებასთან კავშირში მართლაც იყოს, თუმცა მსგავსი განცხადება ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კონფიდენციალურ გარიგებაში მყოფი ადამიანისთვის ადეკვატური არ არის.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს განცხადება რეალურად ეკუთვნის გულუას, მაგრამ თუ იგი ამას მართლაც ასაჯაროებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ იგი როგორც პარტნიორი აღარ სჭირდება ხელისუფლებას“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ თუ აქამდე გულუა ხელისუფლებასთან კონფიდენციალური თანამშრომლობის რეჟიმში იყო და ახლა იძულებულია, გარკვეული ფაქტები საჯარო გახადოს, ე.ი. მას არც „იმედის“ და არც „თბილისის წყლის“ შეთავაზება აღარ აქვს.
„ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თუ გულუა ხელისუფლებასთან კავშირში მართლაც იყო, კავშირი დაკარგა ან აღარ გახდა საჭირო. მოდი, ვიფიქროთ, რომ გულუას აღარ მოუნდა პარტნიორობა არსებულ ხელისუფლებასთან“- აღნიშნა ცისკარიშვილმა.

















