საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებთან" შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მომხდარ
ინციდენტზე საუბრით დაიწყო.
პრემიერმა ზედმეტი ემოციებისთვის ბოდიში საზოგადოებას მოუხადა.
"იქამდე, ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები თუ მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. მინდა, საზოგადოებას, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს, პრინციპში შეძლო მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, გამიზნული იყო იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ემოციები ზედმეტი იყო", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს პრემიერის შეხვედრა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატაებთან ინციდენტით დასრულდა. პრემიერმა ნიკანორ მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა, თუმცა დღესვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერს სიტყვიერი შეურაცხყოფა პირველმა ნიკა მელიამ მიაყენა.

















