პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი ლიკა ნაღებაშვილი მთავრობის ახალ პროგრამას ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარებად აფასებს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 9 წლის განმავლობაში ანტისახალხო ე.წ. „რეფორმების“ განხორციელებისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზღაპრების მოყოლის შემდეგ, მთავრობა არჩევნების მოახლოებასთან ერთად ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სიღარიბე და უმუშევრობა აწუხებს.
ნაღებაშვილის თქმით, ახალმა მთავრობამ 4-წლიანი პროგრამა შვიდ გვერდზე დაატია და იმედგაცრუებულ მოსახლეობას ტრადიციული დაპირებების სია წარუდგინა.
„ახალი სამთავრობო პროგრამის რეალურობა სერიოზულ ეჭვებს ბადებს, რადგან ციფრების ჯამის სოლიდურობის მიუხედავად, საიდან მოდის ეს ციფრები, არავინ იცის. გარდა ამისა, დღევანდელი მდგომარეობით საეჭვოა, საქართველომ 7 მილიონი ტურისტის მომსახურება შეძლოს. შესაბამისად, კითხვას ბადებს აქედან ნავარაუდევი დამატებითი 140 ათასი სამუშაო ადგილიც“ - განაცხადა ლიკა ნაღებაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობის გეგმებში ყველაზე საკვირველი დასაქმების სამინისტროს შექმნაა, რომელსაც უმუშევართა რაოდენობის დათვლა უნდა დაევალოს.
პარლამენტა 4 ივლისს 102 ხმით შვიდის წინააღმდეგ, მთავრობას და მის ახალ სამოქმედო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. პროგრამა 4 წელზეა გაწერილი და მისი მთავარი პრიორიტეტები დასაქმება, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებია. პროგრამის თანახმად, მიზნების მისაღწევად 20 მლრდ ლარის დახარჯვა იგეგმება.

















