კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი სამეგრელოში 60%-ს გადასცდა. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა
ივანიშვილმა დღეს სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ივანიშვილის ინფორმაციით, მოსახლეობა კოალიციის აქცია „კარდაკარის“ წარმომადგენლებს მხარდაჭერას ღიად უცხადებს.
„ყველაზე მძიმე რეგიონშიც კი, როგორიც სამეგრელო იყო - 60%-ზე მეტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. ჩვენი არ ეშინიათ, როგორც ეს „ნაციონალური მოძაობის“ შემთხვევაში ხდება და თუ ჩვენი მომხრეები არ არიან, ისინი ამას თამამად ამბობენ“ - განმარტა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კვლევების ჩატარებამ აჩვენა, რომ ძალიან ბევრია შეშინებული, ხალხი მალავს, რომ კოალიციის მხარდამჭერები არიან.
მისი ინფორმაციით, საჩხერეში 34 000 მოქალაქე გამოკითხეს და მათგან 200 „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აღმოჩნდა, ამაში დასამალი არაფერია.
„700-მა საერთოდ არ დაასახელა. საჩხერეში არავის მორიდებია, რომ „ნაციონალები“ არიან“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „კარდაკარის“ შედეგებით ჩანს, რომ კოალიციის მხარდამჭერთა რიცხვი უმეტეს რეგიონში 90%-ს აჭარბებს.
„სიტუაცია რეალურად გადატეხილია. ხალხს შიში გაუქრა. ერთობაში ძალა ვნახეთ. ერთადერთი დარჩა - რამე ეშმაკისეული უბედურება არ მოიფიქრონ, რასაც ესენი მუდამ ახერხებენ და ვინმე არ დაზარალდეს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, ერთადერთი რთული რაიონებია ახალქალაქი, წალკა და ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებული ადგილები, თუმცა, მისივე თქმით, კოალიცია კონკრეტული გეგმით სიტუაციის გარდატეხას აქაც შეძლებს.
რაც შეეხება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებს, ივანიშვილის განცხადებით, აქ სიტუაცია კოალიციის სასარგებლოდ ვითარდება. „იმათაც იგივე აგრესია აქვთ, რაც სხვა ქართულ რეგიონებს. ისინიც ისევე არიან გაღიზიანებული, როგორც ეთნიკური ქართველები“ - განმარტა მან.
კოალიციის ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებზე საუბრისას განაცხადა, რომ ისინიც, მეორე მხარეს მდგარი ხალხიც ჩვენია, უბრალოდ დღეისთვის „გაბრუებულები არიან“.

















