საქართველოს ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს თერჯოლის რაიონის სოფელ აჯამეთში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა.
მერაბიშვილი ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ესტუმრა და მოსავლის მდგომარეობით დაინტერესდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოსავლის მოყვანა მნიშვნელოვანია, თუმცა, გასაღების ბაზრების შექმნისა და გაფართოების გარეშე მას აზრი ეკარგება. მერაბიშვილი სოფლის მაცხოვრებლებს პროდუქციის გასაღების პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.
სოფლის მოსახლოებამ მთავრობის მეთაურს ჩანგრეული ხიდის აღდგენა სთხოვა, რომელიც თერჯოლის რაიონის ორ სოფელ - აჯამეთსა და სიმონეთს აკავშირებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხიდის არქონა მათ მიწების დამუშავებაში პრობლემებს უქმნის.
პრემიერ-მინისტრი აჯამეთელებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებასაც დაპირდა.

















