პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით,
მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაში არ შედის.
სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ სუს-ის უფროსის ვიზიტი ბელარუსში სააკაშვილის ექსტრადირების განხილვას არ ემსახურება.
ამის შესახებ სესიაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის ბელარუსში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს არის უკრაინის შიდა საქმე. რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, ესაა სამართლებრივი თემა და სცილდება პოლიტიკურ დისკუსს. ეს ვახტანგ გომელაურსა და მის უწყებას არ ეხება. დარწმუნებული ვარ, რამდენადაც მის კომპეტენციაში არ შედის ეს თემა და პროკურატურის საქმეა, ბატონი ვახტანგი ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებს და ამაზე მსჯელობა არ მიდის“- განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვახტან გომელაურის ბელარუსში ვიზიტი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოლაპარაკებებს ეხება.
აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით კი სუს-მა განაცხადება უკვე გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაური ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ესწრება.

















