პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია 15 ივლისს გორში ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ
საგანმანათლებლო ცენტრის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" "ქართული ოცნების" გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა განუცხადა, მუნიციპალიტეტმა კოალიციას აქციის გასამართად გორის ცენტრის დათმობაზე უარი განუცხადა, თუმცა, ალტერნატიულ ფართზე თანხმობა მისცა.
"მუნიციპალიტეტში განგვიცხადეს, რომ ქალაქის ცენტრში, ადგილი, სადაც ჩვენ აქციის გამართვას ვგეგმავდით, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძი ყოფილა. აქედან გამომდინარე, უარი გვითხრეს - მის პარალიზებას ვერ მოვახდენთო"-განაცხადა შიოშვილმა.
"ქართული ოცნების" აქცია გორში 15 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება. ანალოგიური ღონისძიებები კოალიციამ თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და მცხეთაში უკვე გამართა.

















