პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ღვაწლმოსილ სპორტსმენებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას შეეხო.
სპორტსმენებმა კოალიციის ლიდერს მხარდაჭერა გამოუცხადეს და პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
„თითოეული თქვენთაგანი გაცილებით მეტს იმსახურებს ვიდრე მე გამიკეთებია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მერიდება, რომ ერთ მხარეს ამდენი გამოჩენილი ადამიანი ხართ და მეორე მხარეს მე ვარ მარტო. „ქუდზე კაცი“ ჰქვია იმას, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ამისი სჭიროება და აუცილებლობაც არსებობს. „ძალა ერთობაშიას“ გარეშე ჩვენ გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, როგორც ადამიანი ბრძენდება ასაკში ერსაც, ასევე, სჭირდება ასაკი, ამ მხრივ კი, ქართველები გამორჩეულები ვართ, რადგან ქართველები ასაკში შესული ერია.
ივანიშვილის განცხადებით, ის 3-4 თვის წინ ამბობდა, რომ ივნისის ბოლოს სიტუაცია გადატყდებოდა.
მისივე თქმით, სპორტსმენების დღევანდელი შეკრება დღევანდელ სიტუაციას და მთლიანად ერს სჭირდება, რის საფუძველზეც გამარჯვება უნდა იქნას მიღწეული.

















