მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ, რწმუნებათა სიგელი გადასცა მის უდიდებულესობა, სულთან მუჰამად V-ს.
სულთანმა მიულოცა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ცერემონიის შემდეგ გამართულ აუდიენციაზე, რომელსაც ხუთი ქვეყნის ელჩი ესწრებოდა, მხარეებმა განიხილეს საქართველოს და მალაიზიასა შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების გზები. ელჩების მიღების ოფიციალური ცერემონია მალაიზიის ეროვნულ სასახლეში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მალაიზიაში საქართველოს ელჩს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პირველ ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდო - გვანგვას მედალი (Gwanghwa Medal – The Order of Diplomatic Service Merit) გადაეცა.
გვანგვას მედალი, კორეის რესპუბლიკის უმაღლესი რანგის სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც გადაეცემა უცხოელ სამოქალაქო პირებს, ძირითადად პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, კორეის რესპუბლიკასთან დიპლომატიური კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
საზეიმო ცერემონია კორეის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა.

















