პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის
ოფიციალურად აღიარების შესახებ დეპუტატ შოთა შალელაშვილის მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილებისა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის მიუღებელი ფორმაა.
პრემიერის შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე საკუთარ პოზიციას სახელმწიფო მსჯელობის შემდეგ დააფიქსირებს.
„საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთ სენსიტიურ საკითხზე ასეთი მოსაზრებების ღია წერილით დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრ ღია წერილით მიმართა და პრემიერს ურჩია, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

















