ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მსურველ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა.
აღნიშნულის შესახებ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის შედეგების კვლევის პრეზენტაციაზე აღინიშნა.
საერთაშორისო კვლევა „ევრობარომეტრის“ შედეგები „TNS OPINION“-ის ასოცირებულმა დირექტორმა ენტონი ალენმა წარმოადგინა.
კვლევამ აჩვენა, რომ 2012 წელს საქართველოს მოქალაქეთა 99%-ისთვის ქრთამი არცერთხელ მოუთხოვიათ და ამ შედეგით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.
კვლევის თანახმად, ნატო-ს წევრობის მსურველ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა.
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით, 4-ჯერ უფრო ნაკლებად აწყდებიან კორუფციას ყოველდღიურ ცხოვრებაში. გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ კორუფციის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურია, რაც, ავტორთა თქმით, ზოგად ევროპულ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი შედეგია.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველომ შეძლო იმ მოსაზრების დანგრევა, რომ კორუფციის დამარცხება შესაძლებელია.
„კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, რომ საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში. ჩვენ უკეთესი შედეგები გაქვს ვიდრე დანიას და შვედეთს. ის, რომ კორუფცია დავამარცხეთ კარგია, მაგრამ დღეს უმუშევრობისა და სოციალური მიმართულების მხრივ ახალი ამოცანები გვაქვს, კერძოდ, როგორ უნდა ვაქციოთ ეს წარმატება ხელმისაწვდომად თითოეული ოჯახისთვის“- განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება ისევე შეძლებს, როგორც კორუფციის დამარცხება მოახერხა.
პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, საერთაშორიო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებიც ესწებოდნენ.

















