ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მიიჩნევს, რომ მოახლოებული საარჩევნო ციკლისთვის საქართველოს აქვს სამართლებრივი ჩარჩო, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს ყველაზე მეტად კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ამის შესახებ ბასმა აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ამის თქმის საშუალებას რამდენიმე მოვლენა იძლევა, რომელსაც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჰქონდა ადგილი.
„ვგულისხმობ must carry-ს პრინციპს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცდა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება დაუთმონ პოლიტიკურ კამპანიას და არ გააკეთონ აქცენტი იმაზე, რომ საარჩევნო პროცესი არ არის ლეგიტიმური ან იდეალური“ - განაცხადა ბასმა და დასძინა, რომ იდეალური საარჩევნო პროცესი არც ერთ ქვეყანაში არ არის.

















