საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღნიშნეს რომში, სადაც წმინდა საყდართან საქართველოს
საელჩომ მიღება გამართა, რომელსაც რომის კურიის, წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ გრძელიძემ და წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა, მთავარეპიკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერმა. მთავარეპისკოპოსმა ისაუბრა წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების დინამიკაზე, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე და სხვადასხვა პროექტებზე. მთავარეპისკოპოსმა პაპი ფრანცისკეს მიერ საქართველოში წარმოთქმული სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატული მრავალსაუკუნოვანი ისტორია საქართველოს გამორჩეულ ადგილს მიუჩენს ევროპული ცივილიზაციის წიაღში.
საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება: „წმინდა საყდარი საქართველოსთან მიმართებით აგრძელებს ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში სახელმწიფოთა სუვერენული უფლებების დაცვისკენ. გვსურს მომავალშიც გავაღრმავოთ თანამშრომლობა და კონტაქტები, განსაკუთრებით, ეთიკური ღირებულებების, სამართლიანობასა და მშვიდობის დაცვის მიზნით“ - აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა.
საქართველოს ელჩმა დამსწრე სტუმრებს საელჩოს ინიციატივით შედგენილი და გამოცემული კრებული „Roma e i Georgiani” (რომი და ქართველები) წარუდგინა. კრებული, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება, ასახავს რომსა და ქართველ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ამსახველ ფრაგმენტებს, რომლებიც რომის უნიკალურ ისტორიას ორ ჭრილში განიხილავს: რომის იმპერია და რომის კათედრა, როგორც დასავლური ცივილიზაციის რელიგიურ-კულტურული შემაკავშირებელი. კრებულის მიზანია, ფართო საზოგადოებასთან მიიტანოს ცალკეული თემები, რომლებიც რომის იმპერიასა, თუ რომის კათედრასა და ქართველებს შორის ურთიერთობაში საუკუნეების მანძილზე გამოიკვეთა.

















