ცხინვალის რეჟიმი დასავლეთის ქვეყნებს რეგიონში არსებული პრობლემების დამახინჯებასა და საქართველოს ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ნათქვამია ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 3 ივლისს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნლითა დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
„ყველაფრიდან ჩანს, რომ დასავლეთის ქვეყნები რეგიონში არსებულ პრობლემებს დამახინჯებულად ხედავენ, როგორც ეს საქართველოს ინტერესებშია და მთლიანად იგნორირებას უკეთებენ არსებულ რეალობასა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტერესებს“ – აღნიშნულია განაცხადებაში.
მათივე შეფასებით, გაეროს მიერ პოლიტიკურად ანგაჟირებული ქართული პროექტის მიღება მხოლოდ ხელს შეუშლის ჟენევის მოლაპარაკებებს.
ამასთან, მათი თქმით, გაეროს წევრმა ქვეყნებმა რეზოლუციას ისე დაუჭირეს მხარი, რომ კონფლიქტში ჩართული მხარეების შეფასებით არ დაინტერესდნენ.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კონფლიქტურ რეგიონებში დევნილების დაბრუნება, მათი ქონებრივი უფლებების აღდგენა და დაცვა უნდა მოხდეს.

















