საქართველოში სამხედრო რევანშისტული განწყობა შენარჩუნებულია, რაც კავკასიის რეგიონში სტაბილურობას და მშვიდობას რეალურ საფრთხეს უქმნის.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა კადეტთა კორპუსთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამების კომენტირებისას დღეს განაცხადა.
მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ძლიერი არმია სჭირდება, რაც შეუძლებელია „აქტიური ომის“ გარეშე.
„ამიტომ იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში. ამგვარად ამზადებს საქართველო თავის სამხედროებს. ავღანეთში თავისი ჯარისკაცები არა ტერორიზმთან საბრძოლველად ან უსაფრთხოების დასაცავად ჰყავს გაგზავნილი, არამედ საბრძოლო მომზადების გასავლელად. თბილისში შენარჩუნებულია რევანშისტული საომარი განწყობა, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას კავკასიაში“ - აღნიშნა ლუკაშევიჩმა.
მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ქართული მხარე ჯიუტად არიდებს თავს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმებას.
„ამ გულწრფელ, (რომ არ ვთქვათ ცინიკურ) გამონათქვამს სააკაშვილის მხრიდან ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, „ვინც ყველანაირად აჭარბებს თბილისის წვლილის წარმოჩენას ავღანეთის უსაფრთხოების დაცვაში და ამას საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაზრდის საბაბად იყენებს“ – მიაჩნია რუს დიპლომატს.

















