პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ მას ახალ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, მეგობრები და ძმაკაცები არასოდეს ყოფილან.
მერაბიშვილმა პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „მრავალწლიანი მეგობრობის“ მიუხედავად, ის და ბაღათურია ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან.
„მეგობრები და ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. 1997 წლიდან, სააკაშვილის ტერმინოლოგიით მტრები ვართ, მაგრამ რეალურად ვართ მოწინააღმდეგეები და მოწინააღმდეგესთან მუდმივად გაქვს ურთიერთობა“ - განაცხადა ბაღათურიამ „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
მისი თქმით, 90-იანი წლების მიწურულს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობდა და ეს გუნდი „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, მაშინაც მას მწვავე დაპირისპირება ჰქონდა მათთან და მაშინაც „ვანო დაპირისპირებებში ყოველთვის უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე მიშა“.
„პარლამენტში განხილვისას, მან ერთგავრი ტექნიკა, ხერხი გამოიყენა, რომ ჩემგან დარტყმები აერიდებინა. თუმცა, სიმართლე უნდა თქმულიყო და ითქვა კიდეც, იგივე გირგვლიანის საკითხი. ვანო არის იმ ბანდის წევრი და ახლა უკვე ერთ-ერთი მეთაური, რომელსაც წლების განმავლობაში ვუპირისპირდები. დაპირისპირება ყოველთვის იქნება, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა მტერსაც არ უნდა მიაყენო“ - განაცხადა ბაღათურიამ.
ამასთანავე, ბაღათურიამ მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი ჭკვიანია, ის ბარიკადების მის მხარეს არ არის.

















