საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,
ამასთან, პრემიერმა უკრაინის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ მსგავსი პრობლემები და გამოწვევები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.
უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი და რომლის შედეგადაც, ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონები.
აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი უკრაინის მხარეს მადლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ერთმანეთის ძლიერი მხარდაჭერა და ერთობლივი ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა საქართველოსა და უკრაინის ინტერესები, გამოწვევები და პრობლემები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
სულ რაღაც სამიოდე დღის წინ, ჩვენმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ მომავალზე და ამავდროულად პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დეკლარაცია, რათა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ევროკავშირთან დაახლოების პროცესისგან კონკრეტული სარგებელი მიიღოს.
ჩვენს ქვეყნებს ერთი მიზანი აერთიანებს, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები. საქართველო მზად არის გადადგას შემდგომი, გაცილებით უფრო აქტიური ნაბიჯები - მზად ვართ განვახორციელოთ ძალიან კომპლექსური და ამბიციური რეფორმების გეგმა, რაც საბოლოოდ ჩვენს მიზანთან მიგვიყვანს.
დასასრულს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, დავძლიოთ საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები და უზრუნველვყოთ ორი მეგობარი ერის მშვიდობიანი განვითარება და კეთილდღეობა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოში სტუმრობისთვის“-განაცხადა პრემიერმა უკრაინელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

















