არასამთავრობო სექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სახალხო დამცველის
თანამდებობაზე 4 კანდიდატს სთავაზობს.
კანდიდატურების განხილვა შეხვედრაზე ხდება,რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს ირაკლი კობახიძესა და მესამე სექტორს შორის.
გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, აუცილებელია, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესი ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული იყოს.
„შევჯერდით ოთხ კანდიდატზე. ეს არის ვახუშტი მენაბდე, ზვიად ქორიზე, ნინო ლომჯარია და ანა ნაცვლიშვილი. ეს არის ჩვენი შეჯერებული ოთხი კანდიდატი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს ეხება პროცესს. პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები, ამ ოთხ კანდიდატს ჩვენ ვთავაზობთ მთლიანად პარლამენტს. ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული“ განაცხადა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს. პროცედურის გათვალისწინებით, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არცერთ ფრაქციაში არ შედიან.

















