საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ორი დღის წინ ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის შედეგად მოიწამლა, შეუძლია ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაცია მოითხოვოს.
ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველა დაზარალებულს შეუძლია კომპენსაცია მოსთხოვოს მას, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება - როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანიას, რომელიც ქლორით სავსე ავზს ფლობდა. ეს საკითხი პროკურატურამ უნდა გაარკვიოს“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, კანონი საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ, რომელიც აღნიშნული ნივთიერებების გადაზიდვას, დასაწყობებას, იმპორტს, ექსპორტს და შენახვის წესებს არეგულირებდა, ხელისუფლებამ გააუქმა, შესაბამისად, ეს საკითხი აღარ კონტროლდება.
მისივე განმარტებით, ქლორი უკიდურესად საშიში ნივთიერებაა, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია, ამიტომ, მისი შენახვა დასახლებული ტერიტორიის ახლოს არ შეიძლება.
გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ქლორის გაჟონვის შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა წვიმიანი ამინდები, რომელმაც საფრთხე შედარებით გაანეიტრალა.
ორი დღის წინ, ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის შედეგად 70-ზე მეტა ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან 12 მათგანი დღემდე სამკურნალო დაწესებულებებში რჩება. 18 წლის ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობა კი, კვლავაც მძიმეა. ქლორით სავსე ავზი კომპანია „კრისტალს“ ეკუთვნოდა, რომლის ხელმძღვანელიც პოლიციამ დაკითხვის შემდეგ დააკავა.

















