კოალიცია „ქართული ოცნების“, „სახალხო კრებისა“ და „ქართული დასის“ საარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის ფორმატი, შესაძლოა, უახლოეს ორ კვირაში გამოიკვეთოს.
როგორც დღეს „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურამ განაცხადა, დიალოგი და კონსულტაციები გრძელდება, თუმცა, საარჩევნო ფორმატთან დაკავშირებით პოზიცია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის.
„ისე ჩამოვყალიბდებით, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება“ - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „რესპუბლიკელებსა“ და „ქართულ დასს“ შორის დაპირიპისრების გამო ფერხდება შეთანხმება, ბაღათურიამ განაცხადა, რომ არავის ებრძვის და არავისთან აქვს დაპირისპირება.
„დღეს არ არის დაპირისპირების დრო. დღეს ქვეყანას კრიმინალური ბანდა მართავს და ხელისუფლების შესაცვლელად ერთიანი ძალები უნდა იყოს მიმართული“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „ქართული დასის“ მიზანია, ძლიერი ოპოზიციური ძალები საარჩევნოდ ერთიანი ფრონტით წარსდგნენ.
„ბარიერის გადალახვის უნარი დამოუკიდებლადაც გვაქვს, თუმცა, ამოცანა უფრო დიდია და ეს არის ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ მზად ვართ ყველა გონივრული კომპრომისისთვის“ - განაცხადა ბაღათურიამ.
ის არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, არჩევნებისთვის კოალიცია, „სახალხო კრება“ და „ქართული დასი“ ერთიანი სიით წარსდგნენ.
ბაღათურია, ასევე, არ გამორიცხავს, რომ ამ რეჟიმის დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც დაემუქროს საფრთხე.
ამასთან, მან განაცხადა, რომ დღეს ქართველი ხალხი გაბრაზებული და შეურაცხყოფილია ხელისუფლების მიერ და „სააკაშვილის წასვლა ისეთივე გარდაუვალია, როგორც მზის ამოსვლა“.

















