მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, პრემიერ–მინისტრი კონკრეტული პრობლემის მოგვარებას ერთ საათში შეძლებს.
ამის შესახებ ხუროშვილმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების პროექტის განხილვისას, „ქრისტიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა.
ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, მთავრობის სხდომის ჩასატარებლად ქვორუმი საჭირო აღარ იქნება.
გია ხუროშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ მთავრობის სხდომები კვირაში ერთხელ იმართება, გადაწყვეტილების მიღება ხშირად ჭიანურდება.
„ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ნებისმიერი სამინისტროს ინიციატივა თითოეულ უწყებას ელექტრონულად გადაეგზავნება და სავალდებულო დასკვნებსაც მოამზადებენ. კონკრეტული პრობლემის მოგვარება კი, ერთ საათშიც იქნება შესაძლებელი“ – აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი არის ფიგურა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს როგორც მთავრობას, ისე მის აპარატსაც, რათა კოორდინირებული მუშაობა იყოს შესაძლებელი.

















