საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის ბოლო, რიგგარეშე სხდომა ქვეყნის ჰიმნით დაიხურა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, ამ მოწვევის პარლამენტმა ოთხი წლის განმავლობაში მთავარი საგარეო და საშინაო პოლიტიკური ორიენტირები განისაზღვრა.
„ამ მოწვევის პარლამენტმა ის საკანონმდებლო ბაზა შექმნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ახალი ნაბიჯები გადაიდგას ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით“ - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე შეფასებით, პარლამენტის ცხოვრებაში იყო ისეთი მძიმე დღეები, როგორიც 2008 წლის აგვისტო.
„მაშინ პარლამენტის წევრებმა ქვეყნის მიმართ ერთგულება და პატრიოტიზმი გამოიჩინეს. იყო ისეთი დღეებიც, რომელიც ძალიან უსიამოვნოდ მახსენდება, კერძოდ, როდესაც პარლამენტის შენობა ბლოკირებული იყო და შემოსვლას ვერ ვახერხებდით. დესტრუქციული ელემენტი მაშინ ძლიერი იყო, თუმცა, ყველაფერმა გაიარა და საქართველო ახლა უფრო წარმატებული და ძლიერი ქვეყანაა, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო“ - განაცხადა წიკლაურმა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატები წინამორბედთა მიერ დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ.

















