პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, მონო და მარავალპარტიულ მთავრობაზე მსჯელობა, იგივეა ბებიას ბაბუად გადაქცევაზე იმსჯელო.
ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პრემიერ–მინისტრისთვის უფლებების დელეგირების საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას, „ქრისტიან–დემოკრატი“ ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა.
„მესმის, რომ ლევან ვეფხვაძეს უნდა ომახიან ნოტზე დაასრულოს ბოლო სხდომა, თუმცა, ამაში ხელს დღის წესრიგი არ უწყობს, ამიტომ, გადაწყვიტა ოპოზიციური პოტენციალის რეალიზება სწორედ ამ კანონპროექტით მოეხდინა“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
მან ვეფხვაძეს მოუწოდა მოვლენებს ნუ გაუსწრებს და მთავრობის სამომავლო მუშაობაზე თეორიულ მსჯელობას ნუ დაიწყებს.
„ეს ისეთივე თეორიული მსჯელობაა მონო და მრავალპარტიულ მთავრობაზე, როგორც ბებია რომ ბაბუად გადაიქცეს რა ეშველებათ შვილიშვილებს“ – განაცხადა ბაქრაძემ და ოპოზიციას მოუწოდა „ჭიქაში ქარიშხალს ნუ ატეხენ“.
პრემიერ-მინისტრს ბრძანებების გამოცემის და თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დელეგირება შეეძლება.
მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს შორისაა რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობისთვის კოორდინაციის გაწევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემა, მთავრობის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ცვლილებით კი, პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა აღნიშნული შესაძლებლობები, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს გადასცეს.
ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი მონოპარტიულ მთავრობაზეა მორგებული, მაგრამ არჩვენების შემდეგ კოალიციური მთავრობა მოვა, შესაბამისად, კანონი ისევ შესაცვლელი გახდება.

















