ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრს ლევან ვეფხვაძეს აინტერესებს, გეგმავს თუ არა ახალი მთავრობა სხდომების სოციალურ ქსელ Skype-თ ჩატარებას.
ამის შესახებ ვეფხვაძემ დღეს, პარლამენტის ბოლო რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ–მინისტრისთვის უფლებების დელეგირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
„პრემიერს თვითმმართველობებთან ურთიერთობა აღარ სურს? ამ დროს კანონპროექტში წერია, რომ პრემიერ–მინისტრი კანცელარიის უფროსიც ხდება. მას კანცელარიაში შესული ნებისმიერი წერილის დახარისხების, დარეგისტრირების და ხელის მოწერის დრო როგორ ექნება?“ – დაინტერესდა ვეფხვაძე.
მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობის სხდომა თვეში ერთხელ იმართება, ხოლო ცვლილების თანახმად, სხდომის ჩასატარებლად ქვორუმი საჭირო აღარ იქნება.
„სხდომის ნაცვლად, ალბათ ახლა ერთი კაცი დაჯდება. იქნებ Skype-ს დახმარებით აპირებთ მთავრობის სხდომის ჩატარებას“ – მიმართავა ვეფხვაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივანს.
პრემიერ-მინისტრს ბრძანებების გამოცემის და თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დელეგირება შეეძლება.
მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს შორისაა რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობისთვის კოორდინაციის გაწევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემა, მთავრობის კანცრლარიის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ცვლილებით კი, პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა აღნიშნული შესაძლებლობები მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს გადასცეს.

















