საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა
შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, ლაილა ომარ გადთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებებზე, მათ შორის განათლების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ბავშვთა მოწყვლადი ჯგუფებისა და მცირეწლოვანთა ჯანდაცვის კუთხით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში, აღინიშნა მშობლიურ ენაზე განათლებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში UNICEF-ის ჰუმანიტარული საქმიანობის მნიშვნელობას, რაც მიმართულია ჯანდაცვისა და განათლების მხრივ იქ არსებული მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ფონდის წარმომადგენელს UNICEF-ის მხრიდან წლების მანძილზე ბავშვთა უფლებების უკეთ დაცვისა და მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის განხორციელებაში გაწეული დახმარებისათვის და დაუდასტურა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა.

















