ევროპული საბჭო მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურ გახსნილობასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ დღეს თბილისში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოდერნიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი გარემო შეიქმნას ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, აქედან გამომდინარე, საქართველო კარგი მაგალითია რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის.
„ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძალიან სწრაფად ვითარდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღრმა, ყოვლისმომცველ სავაჭრო ურთიერთობებზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ რეფორმების გაგრძელებით შეიძლება საქართველოში დამყარდეს სტაბილურობა და აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა ამ კუთხით“ - განაცხადა რომპოიმ და აღნიშნა, რომ საქართველომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანაში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესის გასაგრძელებლად. ამაში კი, გადამწყვეტ როლს თამაშობს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
„მივესალმები სააკაშვილის სურვილს, რომ არჩევნები იყოს გახსნილი, რადგან დემოკრატიის მშენებლობა მოითხოვს ხალხის ჩართულობას ამ პროცესში. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება 2013 წელს გამართულ სამიტს, ვარშავის სამიტამდე“ - განაცხადა რომპოიმ.
იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარებითაა დაინტესებული და იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გააგრძელებს.
„საქართველო და რუსეთი უნდა შეთანხმდნენ ძალის არგამოყენების საკითხზე, რადგან აუცილებელია გადაიდგას პრაგმატული ნაბიჯები კონფლიქტის მოსაგვარებლად. მინდა წავახალისო პრეზიდენტი, რომ გადადგას შემდეგი პრაგმატული ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარების პროცესში“ - განაცხადა რომპოიმ და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭო მხარს უჭერს პრეზიდენტის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებს და იგი აღებული კურსის ერთგული უნდა დარჩეს.

















