ფინანსთა ახალი მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ქართულ
ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს და განსაკუთრებული ფოკუსი საშუალო და მცირე მეწარმეებზე გაკეთდება.
აღნიშნულის შესახებ მან პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა.
“დიდ მადლობას გიცხადებთ გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება და შესაბამისად, ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა. ჩვენს პარტნიორებთან 8 ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრი შეთანხმებულია და ეს გეზი გაგრძელდება. მთავარი პრიორიტეტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვექნება ქართულ ბიზნესთან, განსაკუთრებით ფოკუსს გავაკეთებთ საშუალო და მცირე მეწარმეებთან ურთიერთობაზე და ბუნებრივია, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის“-განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნა, ხოლო დიმიტრი ქუმსიშვილი კვლავ ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნდა.

















