საქართველოში არჩევნები თავისუფალი, დემოკრატიული და უცხოეთიდან შემოსული ფულისგან გაწმენდილი უნდა იყოს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპოისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სერიოზული წინსვლა აქვს ევროპასთან დაახლოების საკითხში, რაც ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების პროცესის წინსვლაში გამოიხატება. ასევე, ეს ეხება ევროპასთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხსაც.
„ასევე, ვაფორმებთ ასოცირებულ ხელშეკრულებას ევროპასთან და იმ ეტაპამდე მივდივართ, რომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. საქართველოს ოქტომბერში წინ ელის საპარლამენტო არჩვენები და გვინდა, რომ მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სურს, დამკვირვებლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო პროცესში, რათა არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იყოს.
პრეზიდენტის თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ევროპისგან მხარდაჭერის მიღება შეძლოს.
„მინდა მადლობა ვუთხრა ჰერმან ვან რომპოის, რომ მან მკაფიოდ განაცხადა და მოუწოდა რუსეთს - შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და ქართველი ხალხის სახელით მინდა მას მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა სააკაშვილმა.
რომპოი დღეს თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა. გარდა პრეზიდენტისა იგი, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, არასამთავრობო ორგზანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. თბილისიდან იგი ბაქოში მიემგზავრება.

















