საქართველოში უსაფრთხოების, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის დაფინანსებისა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხებზე იმსჯელეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ
და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციას, ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და იმ მნიშვნელოვან როლს უკავშირდებოდა, რომელსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია ასრულებს.
მისი თქმით, ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, კერძოდ, ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი.
„აუცილებელია ვითანამშრომლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არჩევნებმა ჩაიაროს დემოკრატიულად და თავისუფლად. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ და ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას დააფინანსოს საქართველოში მიმდინარე მედიამონიტორინგის პროცესი“ – განაცხადა ბაქრაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, როგორც საარჩევნო კამპანიის, ასევე არჩევნების დღესაც.
ამასთანავე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შედის როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესებში.

















